mamuli.by

«ბელარუსები საქართველოდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან»-ინტერვიუ ელჩთან

“ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შემდგომ საქართველო-ბელარუსს შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მხარეებს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით სერიოზული გეგმები აქვთ.” – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას საქართველოს ელჩი ბელარუსში დავით კოტარია.

david_kotaria_posol

მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთობები სხვა რაკურსში გადავიდა.

ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ რა ახალ ეტაპზე გადავიდა ჩვენი ურთერთობები და რა არის ის ძირითადი თემები, რაზეც თქვენ მუშაობთ იმისათვის, რომ საქართველო გაცილებით უკეთ იყოს წარმოდგენილი ბელარუსში და პირიქით?

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტმა საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მრავალმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვადასხვა სფეროში. როგორც ბელარუსებმა, ასევე ჩვენც ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს მივანიჭეთ ისტორიული ვიზიტის სტატუსი, რომელიც იყო უპრეცედენტო და პირველი ჩვენს ქვეყანაში.

ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები სხვა რაკურსსა და სხვა სტატუსში გადავიდა და ბელარუსის მხარის შეფასებით, რომელსაც ჩვენ სრულიად ვეთანხმებით, ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა ახალი ხედვა ქართულ-ბელარუსულ ურთიერთობებში.

რა პრიორიტეტები გამოიკვეთა?

ჩვენი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები ეკონომიკური ხასიათისაა. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ საქონელბრუნვა საქართველოსა და ბელარუსს შორის 70 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. ეს იყო ფაქტობრივად პრეზიდენტ ლუკაშენკოს დავალება ბელარუსის მთავრობის წევრებისათვის.

რამ გამოიწვია ასეთი ინტერესი, რომ მთავრობის წევრებმა ასეთი დავალება მიიღეს პრეზიდენტისგან?

რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკონომიკური პრობლემები წარმოიქმნა ყველგან, მათ შორის პრობლემები შეექმნა ბელარუსსაც. ქვეყანას დიდი ხანია არ სურს, რომ ერთ ბაზარზე იყოს მიმაგრებული… მისი ძირითადი პარტნიორი არის რუსეთი, საქონელბრუნვის მასშტაბის მიხედვით, შემდეგი პარტნიორი არის უკრაინა და ა. შ. რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით საქონელბრუნვის არსებული მაჩვენებლების შენარჩუნება რთულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბელარუსისთვის მთავარია ბაზრის დივერსიფიკაცია და მუშაობენ სხვადასხვა ბაზარზე, მით უმეტეს, რომ ეს ინტერესები მოდის თანხვედრაში ბელარუსის საგარეო პოლიტიკასთან, რომელსაც მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ჰქვია. საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მნიშვნელოვანი პარტნიორობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად დაინტერესებულები ვართ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები განვავითაროთ.
საქართველოსა და ბელოურსს შორის სავაჭრო ურთიერთობის პერსპექტივებზე, რომ ვისაუბროთ, ძირითადად რა მიმართულებით არიან დაინტერესებულნი და რაზე მიმდინარეობს მუშაობა?

საუბარია არა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვაზე, არამედ ერთობლივი საწარმოების შექმნაზე, ერთობლივად მუშახელის დასაქმებაზე, ბაზრების დივერსიფიცირებასა და მოპოვებაზე. მით უმეტეს, რომ ამ კონტექსტში ძალიან კარგად ჯდება ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს შეექმნა ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, იგივე საქართველოს ევროპის ბაზარზე გახსნილი შესაძლებლობით, რომელიც ასევე საინტერესოა ბელარუსისთვის. ბელარუსი არ მალავს, რომ მისთვის საინტერესოა საქართველოში შეიქმნას საწარმო, რომელიც უკვე მესამე ბაზარზე გავა ერთობლივი, ქართულ-ბელარუსული ნაწარმის სახელით.

როდესაც ლუკაშენკო საქართველოში იყო ჩამოსული, განაცხადა, რომ ერთი მხრივ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, მეორე მხრივ კი ბელარუსის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით, მხარეებმა ურთიერთსასარგებლო შედეგი უნდა მიიღონ და მან ბრძანა, რომ ამის რეალური პერსპქტივებიც არსებობს. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ამით საქართველომ მიიღოს კონკრეტული ბენეფიტები ბელარუსისგან როგორც ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნისგან?

რა თქმა უნდა, ბელარუსს აქვს გარკვეული შესაძლებლობა ევრაზიის ფარგლებში ქართულ საექსპორტო პროდუქციასთან დაკავშირებით თავისი სიტყვა თქვას და ეს შესაძლებლობები პირობითად შემოგვთავაზოს, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თვითონ ბელარუსს აქვს ევრაზიის ფარგლებში პრობლემა, თუნდაც სატრანსპორტო გადაადგილებების, ასევე ეკონომიკური დერეგულირების და ეს პროცესი მიმდინარეობს.

ხომ არ გქონიათ თქვენ საუბარი პრეზიდენტის ადმიანისტრაციასთან ან თავად ლუკაშენკოსთან საქართველოში ვიზიტზე და როგორი იყო მისი შთაბეჭდილებები?

შთაბეჭდილებები იყო ბრწყინვალე, ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოსაზრება ერთმნიშვნელოვნად გამოითქვა ყველა დონზე. საქართველოსთვის ბელარუსი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, ჩვენ ბევრი საერთო გვაკავშირებს. ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმებით, იმ შესაძლებლობებით, რაც საქართველოს გააჩნია და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის საუკეთესო მაგალითები გადაიღოს და თვითონ განახორციელოს პროდუქტის სახით.

რამდენად საინტერესოა საქართველო ბელარუსისთვის როგორც ტურისტული ქვეყანა და რა ტიპის სამუშაოები ხორციელდება ამ მიმართულებით? სხვათა შორის, საინტერესოა ამ თვალსაზრისით საქართველოს დაინტერესება ბელარუსითაც.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი გაკეთდა იმისათვის რომ საქართველო ღირსეულად წარმოდგენილიყო ბელარუსში, ამას ხელი შეუწყო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა. სხვადასხვა დონეზე განხორცილედა სარეკლამო კამპანიები… მარტიდან მოყოლებული ივლისის ჩათვლით, ბელარუსში რეკლამები განთავსდა მედია საშუალებებსა და ბილბორდებზე. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის მოაწყო საინფორმაციო ტურები საქართველოში. აჭარის ტურიზმის სააგენტოს მხარდაჭერით, აგვისტოს დასაწყისში ბელარუსის მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აჭარაში და საინფორმაციო ტურებიდან საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ინტერესი საქართველოსადმი ძალიან დიდია, განსაკუთრებით აღფრთოვანებულები არიან ადამიანური სითბოთი, კულტურით, ტრადიციებით… ისინი გაცილებით სიღრმისეულად აღიქვამენ ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ჩვენ თავადვე წარმოგვიდგენია და ისეთ რამეს ხედავენ რაზეც ქართველებს არ გვიფიქრია. ყველა წვრილმანებს და დეტალებს აკვირდებიან.

ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებათა პაკეტს. ტურიზმის სფეროში დაიდო სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. ეს არ არის მხოლოდ ცალმხრივი ურთიერთობა, ბელარუსიც დაინტერესებულია, მოიზიდოს ქართველი ტურისტები, საუბარია დამატებით იმაზე, რომ ტურისტებისთვის შეიქნას ახალი შესაძლებლობა და ტრანზიტით მესამე ქვეყანაში გადასვლა შეძლოს.

ბევრი ქართველია ბელარუსში?

არაოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში 5000-მდე ეთნიკური ქართველია. შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, ეთნიკური ქართველი 2594 ადამიანია, მაგრამ დაკონკრეტებული ვინ როდის შემოვიდა და გავიდა რთული სათქმელია, ჩემი ვარაუდით, ნაწილი მაინც დაილექება ალბათ რუსეთის ტერიტორიაზე, რამდენადაც ბელარუს რუსეთს შორის საზღვარი არ არის…

ბოლო პერიოდში მინსკი იქცა საერთაშორიო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან ცენტრად, მათ შორის, მოლაპარაკებები იმართება ისეთ მნიშნელოვან საკითხებზე როგორიც არის რუსეთ-უკრიანის ურთიერთობა, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოსაც. ხომ არ ყოფილა ისეთი ფაქტები, როდესაც ბელარუსს , როგორც მასპინძელს დადებითი როლი უთამაშია, როდესაც საქართველოზე იყო საუბარი?

უკრაინაში მიმდინარე პროცესები ბელარუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ბელარუსი დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს სიმშვიდე და უკრაინის პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარდეს. ბელარუსმა გამოყო თავისი მოედანი მოლაპარაკებებისათვის და ეს პროცესი მიმდინარეობს. ვფიქრობ, ბელარუსი გადადგამს უფრო ქმედით ნაბიჯებს, მით უმეტეს, რომ საკონტაქტო ჯგუფში მუშაობს ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ საიდიკი. მისი განცხადებებიც აისახა ამ ურთიერთობებზე. უახლოეს პერიოდში ველოდებით ამ პროცესების გადაწყვეტას, ალბათ ეუთოს ეგიდით შეიქმნება ბელარუსში მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უკრაინაში მიმდინარე პროცესების დარეგულირებაზე. ეს იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება… ყველაზე რთული პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაა, მაგრამ ბელარუსს ესმის და ამას ადასტურებს ყველა დონეზე, რომ მთავარია შეწყდეს ცეცხლი და შემდგომი პერიოდი უნდა დაეთმოს პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას.
როდესაც ლუკაშენკო იყო ჩამოსული, ხელი მოეწერა საქართველოსა და ბელარუსს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მემორანდუმს, ასევე საუბარი იყო ერთობლივი საწარმოების შექმნაზე კონკრეტულად ხომ არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით?

საქართველოსა და ბელარუსის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის დიდი ხანია არსებობს შეთანხმება და მხარეეები ამ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობენ, მაგრამ ამ ეტაპზე ხელი მოეწერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის მრეწველობის სამინისტროებს შორის და ეს თანამშრომლობა გულისხმობს მრავალმხრივ ურთიერთობებს.

მადლობა უნდა ვუთხრათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამშრომლობისთვის, რაც გასწია ბელარუს კოლეგებთან ერთად, ეს მიმართულებები არის სოფლის მეურნეობის სფეროში გადამამუშავებელი ტექნოლოგიები, ერთობლივი საწარმოების შექმნა, ასევე, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, ტექნოპარკის განახლება. ტექნოპარკში მოიაზრება ყველაფერი ავტოსატრანსპორტო გადამზიდავებიდან დაწყებული, რასაც ბელარუსი აწარმოებს (გუთანი, ტრაქტორი, მინიტრაქტორები…) და იმედია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება . ეს ტექნოპარკი გაწევს საკმაოდ სოლიდურ მუშაობას და ამის შედეგები უკვე სახეზეა, ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ბელარუსის პრემიერმინისტრის მთავრობის 10 კაციანი დელეგაცია, რომელსაც უმასპინძლა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობსი სამინისტრომ, აჭარის მთავრობამ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო, ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისათვის და პროტოკოლისათვის. ეს იყო საქმიანო შეხვედრები გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის, რაც კონკრეტულად დაისახა.

რომელი ქართული პროდუქცია სარგებლობს ბელარუსში პოპულარობით?

ექსპორტს წარმოადგენს როგორც ქართული ღვინო, მინერალური წყლები, ასევე მარგანეცი, რომელიც გარკვეული რაოდენობით მოეწოდება მეტალურგიულ ქარხანას. გარდა ამისა, საუბარია, ლიფტების წარმოება, განახლება-შერემონტების ერთობლივი საწარმოს შექმნაზე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მერიასთან და ეს საინტერესო თემაა როგორც ქართული, ასევე ბელარუსული მხარისთვის. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება შოურუმების სახით, შემდგომ კი რეალიზაციაც დაიწყება და შესაძლოა, ვიფიქროთ ერთობლივი საწარმოს საქართველოში გახსნაზე.
ბელარუსი არ მალავს, რომ მისთვის საინტერესოა საქართველოში შეიქმნას საწარმო, რომელიც წარმოებულ პროდუქციას მესამე ბაზარზე ერთობლივი, ქართულ–ბელარუსული სახელით გაიტანს.

Источник: Ipress.ge

Оставить комментарий